სიახლეები

გარემოზე ზემოქმედების შეფასება

გარემოზე ზემოქმედების შეფასება

გარემოზე ზემოქმედების შეფასება

website—news-banner-size

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში, კუნძულის მშენებლობის მოსამზადებელი პროცესის ფარგლებში, აგრძელებს მთელი რიგი კვლევების განხორციელებას.

პროექტის პრეზენტაციის დღიდან კომპანიამ საერთაშორისო ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის კვლევები დაუკვეთა, როგორიცაა  Kordil Surveying & Engineering-ის მიერ განხორციელებული ბათიმეტრიული სამუშაოები, YÜKSEL PROJE-ს მიერ პროექტის ტექნიკური განხორციელებადობის  შესწავლა და კუნძულის ტექნიკური და კონცეპტუალური დიზაინ პროექტის დამზადება. ასევე, ზღვის ფსკერის გეოლოგიური გამოკვლევა, რომელსაც უდიდესი თურქული კომპანია Zemin Teknik-ი ხელმძღვანელობდა.

სწორედ ამ პროცესის ნაწილია კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ და კომპანია „გამა კონსალტინგის“ თანამშრომლობა, რომელიც კუნძულის მშენებლობის ნაწილში მის გარემოზე ზემოქმედებას შეისწავლის.

შპს “გამა კონსალტინგი” წარმოადგენს კომპანიას, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებიც ბუნებრივი რესურსების კვლევა, გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლა და ამ სფეროში საკონსულტაციო მომსახურებაა.

კომპანია დაკომპლექტებულია ქვეყნის  წამყვანი, გამოცდილი ქიმიკოსებით, ბიოლოგებით, ჰიდროგეოლოგებით, ეკოლოგებითა და ინჟინრებით. გარემოზე დასაშვები ზემოქმედების დონეების ნორმირება და ბუნებათსარგებლობის ლიმიტების დასაბუთება, ეკოლოგიურ გაანგარიშებებსა და გარემოზე ზემოქმედებების მათემატიკურ მოდელირება-პროგნოზირებასთან ერთად, კომპანიიის მთავარი საქმიანობაა.

გამას ლაბორატორიების ტექნიკური ბაზა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალი შეაფასებს ატმოსფერული ჰაერის, ჰიდროსფეროს, ნიადაგების, გეოლოგიური ნიმუშების ნივთიერი შემადგენლობასა და გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

კვლევები ტარდება საერთაშორისო (ISO, USEPA) და საქართველოს ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. მათი საქმიანობის მთავარ ნაწილს წარმოადგენს მოქმედი და საპროექტო საწარმოების გარემოზე ზემოქმედების შეფასება და საპროექტო დოკუმენტაციის გარემოსდაცვითი ნაწილის მომზადება, ასევე, ტერიტორიის (აკვატორიის) ეკოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება და ჩატარება.

ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული, საქმიანობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი გამა კონსალტინგის მხრიდან 2 ეტაპად განხორციელდება.

პირველი ეტაპი წარმოადგენს სკოპინგის ფაზას, რომლის დროსაც გაკეთდება წინასწარი შეფასება კამერალური კვლევით. ეს კვლევა მოამზადებს ანგარიშს პროექტის შესახებ, თუ რა ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს მას გარემოზე, რა ძირითადი კვლევები უნდა ჩატარდეს პროექტის განხორციელების შემთხვევაში და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ფაზაზე. ასევე განსაზღვრავს მეთოდოლოგიას და შემარბილებელ ღონისძიებებს.

გარემოზე ზემოქმედების პირველადი სკოპინგის განაცხადს განიხილავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც გასცემს სკოპინგის დასკვნას კონკრეტული მითითებებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა.

პირველადი სკოპინგის ანალიზი არის ერთგვარი წინასწარი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს შეფასებას ფსკერული ნალექების კვლევის, ტალღური რეჟიმისა და ზღვის დინებების შესახებ, ზღვის ბიოლოგიის ადრეული კვლევების მასალებზე დაყრდნობით.

გარემოზე ზემოქმედების შეფასებას აქვს 2 მიზნობრივი მიმართულება: რა გავლენას მოახდენს პროექტის განხორციელება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადგილზე არსებულ გარემო პირობებს თავად პროექტზე.

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი, როგორიცაა წყალქვეშა ფერდის გეოლოგია, ტალღური რეჟიმი, ტალღების მოძრაობის მიმართულება, სანაპირო ზოლის განვითარების დინამიკა და ა.შ.

გარემოზე ზემოქმედების რისკებიდან უმნიშვნელოვანესია ზემოქმედება ზღვის ბიოლოგიურ გარემოზე. ამ ტერიტორიაზე არსებული წყალქვეშა ფერდის ფართობი დაახლოებით 164 ჰექტარია. კვლევის მიზანია შეისწავლოს ბიოლოგიური გარემო, არა მხოლოდ თევზები, არამედ იხტიოფაუნა, ზღვის ძუძუმწოვრები, მაკროუხერხემლოები, მიკროუხერხემლოები, ფიტოპლანქტონი, ზოოპლანქტონი და ზოგადად სრული ბიოლგიური გარემოს სახეობები.

კვლევის განხორციელების ეტაპზე მოხდება ბათუმის სანაპირო ზოლში, წლების მანძილზე სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების შედარება ამ ტერიტორიაზე ჩატარებულ ახალ კვლევებთან და შესაბამისი დასკვნის მომზადება  ფონურ მდგომარეობაზე.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში ჩართულები იქნებიან ეკოლოგები, გეოლოგები და იხტიოლოგები როგორც გამა კონსალტინგიდან, ისე გარემოს ეროვნული სააგენტოდან.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის სანაპირო ზოლის ეს ტერიტორია წარმოადგენს ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას, სადაც ისტორიულად ადგილი ჰქონდა გარემოს ნავთობის ნახშირწყალბადებით დაბინძურებას. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში მიმდინარეობს დაბინძურებული კერების დეგრადაცია და თვითგაწმენდა,  მნიშვნელოვანია დღეს ამ მხრივ არსებული მდგომარეობის შესწავლა. სწორედ ამიტომ, „გამა კონსალტინგი“ შეაფასებს ტერიტორიაზე წყალქვეშა ფერდის ფსკერის დაბინძურების ხარისხსაც.

კვლევამ ასევე უნდა დაადგინოს წყლის ხარისხი და მისი დაბინძურების მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია ტალღური რეჟიმის შესწავლაც. კვლევის პროცესში მოხდება ბათუმის სანაპირო ზოლის ტალღური რეჟიმის შესახებ არსებული მონაცემების მეტი დეტალიზაცია. მომზადდება ზღვის დინებების შესახებ ანგარიში.

ზღვის ბიოლოგიასთან ერთად, დაგეგმილია ხმელეთის ბიოლოგიის შესწავლაც. სამშენებლო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების განსაზღვრისთვის საჭიროა ბათუმის ატმოსფერული ჰაერისა და ხმაურის ფონური მდგომარეობის განსაზღვრა. ამისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მანძილით არის დაშორებული სამშენებლო ტერიტორია საცხოვრებელი ზონებიდან.

კვლევის მიზანია დადგინდეს, თუ რა გავლენას იქონიებს ხმაურის გავრცელება თევზებსა და ზღვის ძუძუმწოვრებზე, თუ როგორ შეიცვლება სანაპირო ზოლი პროექტის განხორციელების დროს. ასევე, რა გავლენას იქონიებს ეს ცვლილება ბათუმის ნავსადგურის ფუნქციონირებაზე.

ყოველივე ზემოთხსენებულთან ერთად, კვლევის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დაადგინოს პროექტის მდგრადობა, რომელსაც წყალქვეშა ფერდის საინჟინრო გეოლოგია დეტალურად გამოიკვლევს.

საძიებო სიტყვა