სიახლეები

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო

kafsula

ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა დაიწყო, რომელიც ულტრათანამედროვე, გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

დღეს, 3 სექტემბერს საპროექტო ტერიტორიაზე გაიმართა ხელოვნური კუნძულის საძირკვლის ჩაყრისა და კაფსულის ჩაგდების ცერემონია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ თანადამფუძნებელი ფრიდონ ქათამაძე.

„ეს უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდასა და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას.“ – ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ფარგლებში, აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული  ინფრასტრუქტურა. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით ფინანსდება. „ამბასადორი ჯგუფი“ პროექტის პირველ ფაზაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.

„ამ დღეს წინ უძღოდა დაახლოებით ერთწლიანი მოსამზადებელი სამუშაოები, ჩატარდა დეტალური გეოლოგიური კვლევები და პროექტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს და მათ შორის უმაღლეს ეკოლოგიურ სტანდარტებს. მე დარწმუნებული ვარ,  რომ ამ პროექტის განხორციელებით ბათუმს შეემატება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ახალი კერა.“ – ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი

ერთი წლის წინ ხელი მოეწერა მემორანდუმს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის განხორციელების შესახებ და მას შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს კვლევით სამუშაოები წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის მიმდინარეობისას როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში არაერთხელ ისაუბრებენ ამ პროექტზე და ამ პროექტიდან გამომდინარე ჩვენს ქალაქზე, ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაზე და ისაუბრებენ ძალიან კარგად.“ – თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ამ პროექტისთვის კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან არქიტექტორებთან, დიზაინერებთან და მასტერპლენერებთან, რომლებთან ერთადაც სამომავლოდ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი მეგაპროექტები განხორციელდება.

„დღევანდელი დღე ნამდვილად ისტორიულია. დღეს საფუძველი ეყრება ისეთი მასშტაბური პროექტის მშენებლობას, რომელიც უდიდეს გავლენას მოახდენს ბათუმის, აჭარისა და მთლიანად საქართველოს ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე. „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ არის ჩვენი ხედვა და იდეა მომავლის საქართველოზე.“ – ფრიდონ ქათამაძე, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ თანადამფუძნებელი

კომპანიის მიერ, მშენებლობის ნებართვის მოპოვებამდე, განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა: ჩატარდა დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ზღვის ფსკერის კვლევა, გეოლოგიური-ბურღვითი სამუშაოები, რომელშიც ჩართულები იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და შესაბამისი კვალიფიკაციის კვლევითი ინსტიტუციები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ შესწავლისა და წარდგენილი დეტალური დოკუმენტაციის საფუძველზე, გასცა კუნძულის მშენებლობის ნებართვა. კერძოდ, საწყის ეტაპზე შეთანხმებულია ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული ნაპირსამაგრი ჯებირის კონსტრუქციული სქემა და გაცემულია ნებართვა ჯებირზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობაზე.

ბათუმში ,,ამბასადორი ბათუმი აილენდის” პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი განკარგულებით, კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცემა  90 ჰა ტერიტორია  მდებარე ქალაქ ბათუმში „ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში.

საძიებო სიტყვა