ყველაფერი, რაც ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე გაინტერესებთ
ყველაფერი, რაც ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე გაინტერესებთ
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ – უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით კუნძულზე მოეწყობა საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები. კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გაეცანით ინტერვიუს Ambassadori Group-ის თანადამფუძნებელ თორნიკე ქებურიასთან.
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის დაწყება როდისთვის არის დაგეგმილი და რა პერიოდი დასჭირდება მის სრულად განხორციელებას? როგორია პროექტის კონცეფცია?
,,ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი მოიცავს ბათუმში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნას, სადაც აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა. პროექტი მოიცავს სასტუმროებს, აპარტამენტებს, ვილებს და იახტკლუბს, რომელიც მოემსახურება მათ შორის მეგა იახტებს.
ბათუმის კუნძული იქნება თვისობრივად განსხვავებული, მსოფლიოში ცნობილი ქართული რეზორტული ქალაქი, სადაც გათვალისწინებული იქნება დასვენების, გართობის, მკურნალობის და განათლების მირების მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა.
პროექტის განხორციელება ფაქტობრივად დაწყებულია. ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობასთან ხელი მოწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას. წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ჩართულობით განხორციელდა შავი ზღვის ფსკერის სიღმეების, გეოლოგიური, წყლის მოდინების და გარემოზე ზედამხედველობის კვლევის სამუშაოები. მიმდინარე წლის 3 სექტემბერს კი ბათუმში ხელოვნური კუნძულის საძირკვლის ჩაყრისა და კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ოფიციალურად დაიწყო მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის პირველი ფაზა რაც საინვესტიციო ტერიტორიის ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოებს გულისხმობს. ამავე დროს ეს სამუშაოები ითვალისწინებს ხელოვნური მიწის ნაკვეთის წარმოქმნას, რაც მომავალში იქნება კუნძულების შემადგენელი ნაწილი.
მსგავსი პროექტის რეალიზებისთვის საკმარისი იქნება ქართული კომპანიების გამოცდილება თუ საქმეში უცხოური ექსპერტებისა და კომპანიების ჩართვა დაგჭირდებათ?
ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტში, როგორც საზღვაო ასევე მიწის ზედა სამუშაოების კვლევებში და პროექტირების პროცესში ჩართული არიან მსოფლიოს უმაღლესი კლასის სპეციალისტები. მაგალითად, ბათიმეტრიული სამუშაოები, რაც გულისხმობს ზღვის სიღრმეების დეტალურ კვლევას, განახორცილა თურქეთიდან სპეციალურად მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანია KORDIL-მა. ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევების მიზნით, გაფორმდა ხელშეკრულება 40-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიასთან, Yüksel Proje-სთან, რომელსაც დაპროექტებული აქვს თურქეთის რესპუბლიკაში ორდუს და რიზეს შავ ზღვაში განაშენიანებული საერთაშორისო აეროპორტები. სხვათაშორის საქართველოსთვის ისტორიული პროექტის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სტრატეგიული მილსადენის პროექტირების სამუშაოებიც ამავე კომპანიის შესრულებულია. უმსხვილესი თურქული კომპანია ARS (Applied Research Solutions), საქართველოში პირველად ზღვის (წყლის) მოდინების კვლევებს ახორციელებს. პროექტზე მუშაოება ერთდოულად მიმდინარებს თურქეთის რესპუბლიკასა და საფრანგეთში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროექტი განხორციელდეს აგრეთვე ადგილობრივი პროფესიონალების აქტიური ჩართულობით. მაგალითად გარემოზე ზემოქმედების დაკვირვების სამუშაოები სრულად ქართველი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ორგანიზებით მიმდინარებს.
პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე საკმარისი იქნება თუ არა საკუთარი ფინანსური რესურსით მისი განხორციელება? ხომ არ იგეგმება საერთაშორისო და ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით.
პროექტი მიმდინარეობს ამბასადორი ჯგუფის დაფინანსებით. საწყის ეტაპზე განხორციელდება არანაკლებ ასი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც შექმნის არანაკლებ ორი ათას სამუშაო ადგილს. პროექტში ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობა მნიშვნელოვანია პროცესის უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი მოლოდინების უზრუნველსაყოფად. პროექტში ფინანსური თანამონაწილეობის მიმართულებით წარმატებულად მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებთან. ვფიქრობ მალე საზოგადოების წინაშე ამ მხრივ სასიამოვნო სიახლეებით წარვსდგებით.
ასევე საინტერესოა მიეცემათ თუ არა საშუალება სხვა ინვესტორებს თქვენს კუნძულ–ნახევარკუნძულებზე განახორციელონ ინვესტიცია და შექმნან საკუთარი ინფრასტრუქტურა?
როგორც კუნძულის პროექტირების, ასევე მშენებლობის განხორციელების ეტაპზე ჩვენი ბიზნეს გაერთიანება ითანამშრომლებს მხოლოდ იმ დეველოპერებთან, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას განაშენიანების უმაღლეს ხარისხზე. კუნძულებზე უძრავი ქონების განვითარებით დაინტერესებულ ყველა დეველოპერს ექნება ვალდებულება დაიცვას, როგორც განაშენიანების გეგმით გათვალისწინებული რეგულაციები, აგრეთვე გენ-გეგმის ავტორთა კონცეფციით დამტკიცებული საერთო არქიტექტორული ხედვა. რა თქმა უნდა ცალკეული შენობების პროექტირება განხორციელდება სხვადასხვა არქიტექტორების მიერ, თუმცა სტილი, ხელწერა და არქიტექტორული გადაწყვეტა უნდა იყოს ერთიან კონცეფციასთან ჰარმონიზებული.
პროექტის სახელიდან გამომდინარე, კუნძულზე “ამბასადორის” ბრენდის სასტუმროც განთავსდება. მთლიანობაში კუნძული და ნახევარკუნძულები რამდენ სასტუმროს გააერთიანებენ და ამბასადორის გარდა თუ განიხილება ტერიტორიაზე სხვა საერთაშორისო ბრენდების შეყვანაც?
ბათუმი ბოლო წლებში განვითარებულია საერთაშორისო სასტუმროს ბრენდების პოზიციონირებით. რაც ძალიან სასიხარულოა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ბათუმის კუნძული იქნება. თუმცა, აქვე აღვნიშნავდი, რომ სასტუმროების ქსელი „ამბასადორი“ წარმოადგენს სასტუმროების მართვის ქართულ ბრენდს, რომელიც მომხმარებელში უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება. ჩვენ გვჯერა, რომ სწორი ხედვების დამკვიდრების და ხარისხზე ორიენტირების შემთხვევაში ტურისტულ ბაზარზე შესაძლებელია ქართული ბრენდით მაღალკონკურენტუნარიანი პოზიციონირება. პირიქით, საქართველოში ქართული ბრენდი ხშირად უფრო საინტერესოა, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი მომხმარებლებისთვის. ჩვენი მიზანია ბათუმის კუნძულიც, ცნობილი და წარმატებული ქართული ბრენდი გახდეს დანარჩენ მსოფლიოში.
როგორი იქნება კუნძულზე კ2 კოეფიციენტი, როგორც ვიცით ბათუმში მაღალსართულიანი შენობებს აშენება ნებადართულია ამ მხრივ გარკვეული შეზღუდვები ხომ არ იქნება კუნძულზე მისი ხელოვნურობიდან გამომდინარე?
კუნძულის მთლიანი ტერიტორია დაახლოებით 72 ჰექტარს მოიცავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია განაშენიანების მასშტაბები, ზონები, ფუნქციური დატვირთულებები, ხმაურიანი და საცხოვრებელი ზონები თავიდანვე სწორად იყოს განაწილებული.
ამ მიმართულებით სრულად მინდობილი ვართ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. კუნძულის განაშენიანების გეგმაზე მუშაოებენ საერთაშორისო კომპანიები YUKSEl PROJE (თურქეთი), ARUP GROUP (დიდი ბრიტანეთი) და Colliers (დიდი ბრიტანეთი). გენგეგმის ავტორებს დავალებული აქვთ ბათუმის კუნძულზე გაიზიარონ მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა განაშენიანების მასშტაბის, მაცხოვრებელთა ტევადობის, მოძრაობის ინტენსივობის, ტრანსპორტის მოძრაობის სქემის, გამწვანების, ეკოლოგიური ნორმების და ცხოვრების საუკეთესო პირობების შექმნისათვის. ამჟამად გენგეგმაზე მუშაოება ერთდროულად მიმდინარებს თბილისში, ანკარაში, ლონდონში და ნიუ იორკში.
იმისათვის, რომ კუნძული შეიქმნას წყალქვეშ უამრავი სამუშაოების იქნება ჩასატარებელი, რაც თავის მხრივ დიდ შრომასთან ერთად დიდი სიფრთხილესაც საჭიროებს, ალბათ მსგავსი პროექტების მფლობელ კომპანიებთან კომუნიკაცია გექნებოდათ და რა სახის რჩევები მიიღეთ მათგან და იმისათვის, რომ პროექტი იყოს სრულყოფილი და წარმატებული? უსაფრთხოების რა სტანდარტების გათვალისწინება მოგიწევთ პროექტის განხორციელებამდე.
პროცესი არის რთული და ამავე დროს ძალიან საინტერესო. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ მიერ მოწვეულ სპეციალისტებს უკვე აქვთ ძალიან დიდი გამოცილება მიღებული შავ ზღვაში ხელოვნური მიწის შექმნის და ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების. თურქეთის რესპუბლიკაში, ტრაპიზონის შავი ზღვის სანაპირო, ბევრად უფრო ღრმა და აგრესიულია, ვიდრე ბათუმის აკვატორიაში ბარცხანის უბე. თუმცა ჩვენმა მეზობლებმა თურქებმა შეძლეს შთამაგონებელი და გაბედული გადაწყვეტილებების შედეგად ევროპაში პირველებს გაეკეთებინათ ზღვაში განაშენიანებული საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ამჟამად ექსპლუატაციაშია გაშვებული.
პროექტში გათვალისწინებულია ხელოვნურად შექმნილი მიწის ნაკვეთის ნაპირის ჯეროვანი გამაგრება კლდოვანი ქვის მასით, ასევე სპეციალური გამტარი არხებით წყლის მუდმივი ცირკულაციის უზრუნველყოფა, თითოეული კლდის ქვის ჩადებისას გამოიყენება JPRS სისტემა. წყლის მოდინების სიღრმისეული შესწავლა შესაძლებლობას იძლევა ქვის წყობა განხორციელდეს იმდაგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს წყლის სწორი გამტარიანობა, რაც საგრძნობლად ამცირებს დამცავ ჯებირებზე შტორმისას წარმოქმნილი ტალღების ზემოქმედებას. მთლიანი კუნძულის მოდელის ტესტირება პროექტირების პარალელურად მიმდინარეობს საფრანგეთში.
კუნძულის შექმნისთვის საჭიროა დიდი მოცულობის მასალა, რაზეც გარკვეული სახის ინფრასტრუქტურა აშენდება. ამ მასალის პოტენციალი ქვეყანაში გაქვს თუ ამის შეძენაც უცხოურ ბაზრებზე მოგიწევთ და გაქვთ თუ არა ეს ბაზრები მოძიებული?
სამშენებლო მასალები სრულად მოიპოვება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობა. ამ მხრივ მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის. მუდმივად ვგრძნობთ საჯარო უწყებების მხარდაჭერას, როგორც ცენტრალური ასევე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან. ზოგადად მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტები სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდება. სასიხარულოა, რომ პროექტის განხორციელბის თითოეულ ეტაპზე საჯარო უწყებებში პროექტის მიმართ ვლინდება შთაგონებით და გულშემატკივრობით აღსავსე დამოკიდებულება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მოქმედი კანონმდებლობა დაცული იქნეს, სწორედ ამიტომ გვყავს მოწვეული სპეციალისტებად საერთაშორისო მასშტაბის ავტორიტეტები.
ვინაიდან პროექტი ზღვაში უნდა განხორციელდეს, რაც შტორმის რისკებთან პირდაპირ არის დაკავშირებული, დაპროექტებისას რა რისკების გათვლისწინება მოგიწევთ, როგორია ამ შემთხვევაში კუნძულისა და ნახევარკუნძულზე შტორმის ბალიანობის განსაზღვრა, მაგალითად, როგორც ვიცით სახლის დაპროექტებისას მენაშენეს სახლის მაღალ ბალიან მიწისძვრაზე გათვლა უწევს?
შავი ზღვის აკვატორიის ეს ყურე სწორედ იმიტომ შეირჩა პროექტის მშენებლობისთვის, რომ ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე წყალმარჩხი და მშვიდი ნაწილია აჭარის ზღვისპირეთში. თუმცა მიმდინარე კვლევებში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ტალღებისა და შტორმის რისკების გაზომვა-გათვალისწინებაც. ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ უმსხვილეს თურქულ კომპანია, ARS-თან (Applied Research Solutions), რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს საზღვაო კვლევებში უახლესი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ფლობს ISO PAS 99 აკრედიტაციას.
“ამბასადორი ბათუმი აილენდის” პროექტის ფარგლებში ARS-Surveys-მ შავი ზღვის აკვატორიის სამშენებლო არეალში შეისწავლა ზღვის დინებები და ტალღების ურთიერთქმედება ზღვის ფსკერთან. კერძოდ, საპროექტო არეალში და მის მიმდებარედ, ზღვის ფსკერზე ექვს სხვადასხვა წერტილში დაამონტაჟა სპეციალურ სენსორები, რომლის საშუალებითაც ხდება წყლის დინებების მიმართულებებისა და ტალღების სიმძლავრის შესწავლა. ბათუმის კუნძულს ექნება მაშტაბური და მძლავრი დაცვის ქვის დამცავი კონსტრუქცია, რაც გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე შტორმისას წყლის შემოდინებას.
ჩვენი პრიორიტეტია, ყველა დეტალი გავითვალისწინოთ და უსაფრთხოდ, ყველანაირი სტანდარტის დაცვით განვახორციელოთ პროექტი.
ბათუმელები მუდამ ყურადღებას ამახვილებენ მძაფრ სუნზე, სადაც თქვენ პროექტის განხორციელებას იწყებთ, ხომ არ იქნება ეს კუნძულზე ტურიზმის განვითარების წინაპირობა? როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა?
კარგია რომ ეს კითხვა დამისვით. ყველა აქამდე განხორციელებული კვლევა აჩვენებს, რომ აჭარის სანაპიროზე ბარცხანის უბეში ზღვა ყველაზე დაბინძურებულია. ეს გამოწვეულია წლების განმავლობაში ახლომდებარე ნავთობტერმინალიდან ნავთობის გადაზიდვის შედეგად ნარჩენების ზღვაში ჩართვით. განსაკუთრებით ზაფხულის თვეში ეს იწვევს მძაფრ სუნს, რაც დამეთანხმებით ძალიან დიდი დისკომფორტია. ბათუმის კუნძულების მოწყობა ითვალისწინებს დაბინძურებული ზღვის ფსკერის მიწის მასით დაფარვას, რაც აშკარად დადებითად აისახება ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა პროექტით გათვალისწინებული კლდის ბუნებრივი ქვის ლოდების ჩაწყობის შედეგად წარმოშობილი კიდეები საუკეთესოა ზღვის ფლორისა და ფაუნის სიცოხლისუნარიანობისათვის. სწორედ ამ პოზიტიურ შედეგებზე მიუთითებენ დამოუკიდებელი სპეციალისტები გარემოზე შესწავლის შედეგად მიღებულ დაკვნებში.
წყარო: კომერსანტი