November 30, 2025
„ამბასადორის კუნძული აღარ არის სამშენებლო ობიექტი - ის ცოცხალი ორგანიზმია მიმდინარე მასშტაბური პროექტებით” - გოჩა კამკია

შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ორი ნახევარკუნძულის მშენებლობის პროექტი წარმატებით ხორციელდება. „ამბასადორ აილენდ ბათუმის” მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, პროექტის განხორციელება ახალ ეტაპზე გადავიდა. მიწის მოწყობითი პროცესი დაჩქარებულად პროგრესირებს და სრული საპროექტო არეალის ნახევარზე მეტი - 46.9 ჰექტარი - შექმნილია, საიდანაც 26 ჰა მიწის ფართობი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში.
„ამბასადორის კუნძული აღარ არის სამშენებლო ობიექტი - ის ცოცხალი ორგანიზმია მიმდინარე მასშტაბური პროექტებით. ამბასადორის კუნძულის ტერიტორიაზე პირველი შენობა-ნაგებობის მშენებლობა უკვე დავიწყეთ და ეს არის ამბასადორის მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ამბასადორი აილენდ ბათუმის”, როგორც ისტორიული პროექტის, საქართველოში განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვიმყოფებით გარდამტეხ ეტაპზე. სექტემბერში დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰა შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, ხოლო იანვარში ვემზადებით ჯამურად 48 ჰა მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მისაღებად. გარდა ამისა, ჩვენ უზრუნველვყავით, რომ კუნძულის განვითარების პარალელურად აქ შექმნილიყო მსხვილი ეკონომიკური პროცესები. კერძოდ, კომპანიამ მიიღო მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა, სადაც დაწყებულია, როგორც აპარტამენტების, ისე სხვა უძრავი ქონების გასხვისების პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ეს იქნება გამორჩეული შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსდება სასტუმრო, აპარტამენტები, საცურაო აუზები, ფიტნეს-ცენტრი, სხვადასხვა დანიშნულების გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, ვერტოდრომი და სხვა მრავალი სივრცე, რომელიც აუცილებელია ადამიანების ცხოვრებისა და კომფორტული დასვენებისთვის“, -აცხადებს ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია.
ბათუმის კუნძულისა და ნახევარკუნძულების პროექტი ინვესტორებისთვის საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ ამბასადორ აილენდსა და IG Development-ს შორის ხელშეკრულებას უკვე მოეწერა ხელი, რომელიც 120 000 კვ.მ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.