February 9, 2026
ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას მოვახდინოთ ჩვენი მრავალწლიანი საინჟინრო გამოცდილების სათანადო რეალიზება- Yüksel Proje

„ამბასადორი აილენდი ბათუმის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის საინჟინრო დიზაინზე, საერთაშორისო კომპანია Yüksel Proje მუშაობს, რომელსაც სხვა მასშტაბურ პროექტებთან (აქუიუს ატომური ელექტროსადგური, კომერციული პორტები) ერთად, შავ ზღვაში ხელოვნურად განაშენიანებულ მიწაზე ორი მოქმედი საერთაშორისო აეროპორტის (ორდუ-გირესუნის აეროპორტი, ტრაბზონის აეროპორტი) პროექტირებისა და ექსპლუატაციაში გაშვების წარმატებული გამოცდილება აქვს.
როგორც კომპანიის ვიცე-თავმჯდომარე ქემალ ქარაოღლუ აღნიშნავს, საქართველო წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ ახდენს მულტინაციონალური კომპანიების ერთობლივი საქმიანობა რეალურ და ხელშესახებ პოზიტიურ გავლენას.
„დღესათვის ჩვენი საქმიანობა მოიცავს 38 ქვეყანას სამ კონტინენტზე. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა, საქართველო, არის შესანიშნავი მაგალითი იმისა თუ როგორ იქმნება ეფექტიანი გადაწყვეტილებების დანერგვით ხელშესახები პოზიტიური გავლენა, განსაკუთრებით ტრანსპორტის, საზღვაო და სანაპირო ინჟინერიის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით,“ - აღნიშნავს კომპანიის ვიცე თავმჯდომარე.
ინტერვიუს მიმდინარეობისას კომპანიის საზღვაო და სანაპირო სტრუქტურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მუსტაფა ესენმა აღნიშნა: „ჩვენ გვჯერა, რომ Yüksel Proje-ს ფართო გამოცდილებამ, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე, წაახალისა „ამბასადორი ჯგუფი“ ჩვენთან თანამშრომლობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში”.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება ამ უნიკალურ პროექტში გამოვავლინოთ. ამბასადორის კუნძულის პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, სხვადასხვა ფუნქციური სივრცე - ტურისტული, კომერციული, საცხოვრებელი და გასართობი მიმართულებები ერთ ტერიტორიაზე გაგვეერთიანებინა. ეს პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ კონცეფციები, რომლებიც წარმოაჩენს ჩვენს საინჟინრო მრავალწლიან გამოცდილებას, ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებსა და მდგრადი განვითარების ხედვას“,- განაცხადა Yüksel Proje-ს საზღვაო და სანაპირო სტრუქტურების დეპარტამენტის მენეჯერმა ჰაილა ჩიჰანმა.
