June 26, 2025

"ამბასადორი აილენდ ბათუმი" იძლევა ულევ შესაძლებლობებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის - გოჩა კამკია

News item main image

ბათუმში ხელოვნური კუნძულისა და ორი ნახევარკუნულის პროექტის (Ambassadori Island Batumi) რეალიზების შემდეგ, რომელსაც კომპანია Ambassadori Island Batumi ახორციელებს, ბიუჯეტში დამატებით 64 მლნ დოლარის აკუმულირება მოხდება. აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან Ambassadori Island Batumi-ს გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა, რომელიც ეკონომიკური ფორუმის 22-ე დისკუსიის ერთ-ერთი სპიკერი იყო. 

გოჩა კამკიას თქმით, სამომავლოდ Ambassadori Island Batumi-ს პროექტში განხორციელებული ბიზნესები მთლიანობაში რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს დაასაქმებს. 


„საერთაშორისო ეკონომისტების კვლევების თანახმად, მას შემდეგ რაც  Ambassadori Island Batumi-ს  პროექტი დასრულდება და ჩვენ ამას ვგეგმავთ დაახლოებით ორ წელიწადში, მხოლოდ გადასახადების წლიური აკუმლირება 64 მლნ აშშ დოლარი იქნება. ამავე კვლევის თანახმად, კუნძულზე განვითარებული ბიზნესი მომავალში დაახლოებით 20 ათასამდე მოქალაქეს დაასაქმებს, რაც არის წარმოუდგენლად შთამბეჭდავი მაჩვენებლები დასაქმების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ, რომ გრძელვადიანად, მდგრადად და მიზნობრივად ვანვითარებთ ამ პროექტს და ყოველდღიურად გვაქვს ფაქტობრივად ახალი რეალობები პოზიტიური თვალსაზრისით“, - აღნიშნა გოჩა კამკიამ.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროექტით დაინტერესება და კუნძულსა და ნახევარკუნძულებზე ბიზნესების განვითარების კუთხით ინვესტორების ინტერესი მაღალია. 

„Ambassadori Island Batumi იძლევა ულევ შესაძლებლობებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რათა ერთ დღეში იყოს მიღებული ბიზნეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დაიწყონ ბიზნესი, იმიტომ, რომ კუნძულზე არის მზა ეკონომიკური შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ სამი მიწის ნაკვეთი უკვე ვითარდება და სამ მიწის ნაკვეთს ჰყავს თავისი ინვესტორი და აქვთ ამბიციური გეგმები ამ მიწის ნაკვეთების განვითარებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციონერება როგორც დუბაიში, აგრეთვე უკვე პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც გვაქვს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან დიალოგი. მათ აქვთ გამოხატული თავიანთი მიზნები საქართველოში ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან სასიამოვნო და იმ მოლოდინების ახდენა, რომელიც ჩვენ გვქონდა პროექტის დასაწყისში“, - განმარტავს  Ambassadori Island Batumi-ს გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ კუნძულის პროექტს Ambassador Group-ი  სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. Ambassadori Island Batumi, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.